* * *

ვფიქრობდი წიგნზე, მერე წასვლაზე

ხანდახან ისე სადმე გავლაზე

გეძებდი თითქოს სხვათა თვალებში

თვითმფრინავების უცხო ხაზებში

მერე გიპოვე იასამნებში

გადავუფრინეთ სხვა გალაქტიკებს

მწვანე მინდვრების წითელ შხამებში

როგორც ტალღებმა ქვები გარიყეს

ბოშა მკითხავის ძველმან კაბებში

ქარიშხლებიან ტყეებში სეტყვა

ჩვენი ქალაქის მზიან კაფეში

მომინდა შენთან,

მომინდა შენთან...

ნ.გ.

* * *

მწიფე ატმებივით

მწყუროდი იმ დღეს

წითელ ბროწეულებს

გიწყვეტდი სიზმრად ...

ნ.გ.

ბერლინის ცაზე

ბერლინის ცა სხვა ფერია
ღრუბლებში ვხედავ სახეებს
გასაკვირი აქ არაფერია
სახეებს ვარქმევ სახელებს

მიტოვებული ქარხნების სევდა
მატარებლები ლიანდაგებზე
აქ ბევრი ლექსი დამიწერია
ვფიქრობდი როცა იასამნებზე

ძველი მეგობრის ჰეტეროქრომია
ყავისფერ ჭრილში ჩაღვრილი ლურჯი
ვუყურებ სულში და მახსენდება
დრო გარდასული ფუჭ სინანულში

ერთ ხანს განცდილი მელანქოლია
გაფანტულია ქალაქის მტვერში
და ახლა ვხვდები რაოდენ დიდი
დრო გავატარე სიმარტოვეში

ვფიქრობ სხვაც ამჩნევს ალბათ ამ ფერებს
აღიქვამს როგორც სხვა სამოთხეებს
ახედავს მტრულად ვერაფერს იგრძნობს
და თავ ჩახრილი გზას გააგრძელებს

დაღლილი ვზივარ,
გავყურებ ღრუბლებს
სახეებს ვარქმევ სახელებს
გასაოცარი მოტივებია
თუმცა რა ესმით გამვლელებს

ნ.გ.

* * *

კოპენჰაგენში ცივა

წვიმა ცრის  და თან ქარია

მაგრამ ტივოლის პარკში ბავშვები მაინც დადიან

ოქტომბრის თვეა კვლავაც, მზე შემოდგომის, სითბო

თუმცა მე ისე მცივა თითქოს ზამთარი იყოს

ნ.გ.

It is cold

cold

cold

cold

cold